ჩემს ფეისბუქპოსტში ვამტკიცებდი, რომ სტამბოლის ტაქსი 2-3 ჯერ უფრო იაფია ვიდრე თბილისის, ამ განცხადებას საკმაოდ სკანდალური გამოხმაურება მოჰყვა. ერთი მხრივ თბილისელი ტაქსის მძღოლების შეტევას ვუმკლავდებოდი, ხოლო მეორე მხრივ ჩემივე მეგობრების კრიტიკას, - „სად ნახა ამან ერთი იაფი ტაქსი სტამბოლში“.
თბილისელი ტაქსის მძღოლების კიდევ უფრო მესმის, ფიქრობენ, რომ რაც უფრო ძვირი იქნება მგზავრობის ტარიფი, მით მეტად გაიზრდება მათი შემოსავალი (არადა ცდებიან, ასე სულაც არ არის, ეს ცალკე თემაა და სხვა დროს გავარჩიოთ), მაგრამ აი მეგობრები რატომ აპროტესტებდნენ რომ სტამბოლში უფრო იაფი ტაქსია, ვიდრე თბილისში, თავდაპირველად ვერ მივხვდი. ჩავუღრმავდი საკითხს და პასუხიც ამოტივტივდა: ჩემი მეგობრების უმეტესობა სტამბოლში ტაქსის მძღოლების თაღლითობის მსხვერპლი გამხდარა. ვეცდები, ამ სტატიაში გასაგებად მოგაწოდოთ საჭირო ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ სტამბოლში მგზავრობისას, რა თქმა უნდა თუ არ გინდათ, რომ ჩემი მეგობრების მსგავსად თქვენც თაღლითობის მსხვერპლი გახდეთ. მაშ ასე, დავიწყოთ!
სტამბოლის ტაქსი
სტამბოლის ტაქსით შეგიძლიათ კომფორტულად იმგზავროთ, მოთავსდეთ ავტომობილის უკანა სავარძელზე, სეზონის შესაბამისად გათბეთ ან გაგრილდეთ კონდიციონერით, ან სულაც ფანჯარას ჩაუწიეთ და ღრმად ჩაისუნთქეთ მარმარილოსა თუ შავი ზღვიდან მონაბერი სიო. სანამ დანიშნულების ადგილზე მიხვალთ, დატვირთული საგზაო მოძრაობიდან გამოწვეული სტრესი მძღოლს მიაბარეთ, რომელსაც როგორც წესი დამხეცებული აქვს სტამბოლის ვიწრო ქუჩებში მოძრაობა და მილიმეტრებში დაძვრება, პარალელურად დატკბით რადიოში გაჟღერებული თურქული ესტრადის ჰანგებით. თუ გაგიმართლათ და მძღოლი კარგ ხასიათზეა, ანუ იმ დღეს თუ კარგად იშოვა, თავადაც მოურიდებლად შემოსძახებს ერთ-ორ სიმღერას. სტამბოლის ტაქსი ყოველთვის კარგი იდეაა, თუ ამინდი ცუდია ან თუ დრო შეზღუდული გაქვთ და მეტროთი დანიშნულების ადგილზე ვერ ხვდებით. ტაქსი ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტია ღამის გადაადგილებისთვის, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები იზღუდება.
სტამბოლის ტაქსები იყოფა სამ კატეგორიად: ნარინჯისფერი, ლურჯი/ფირუზისფერი და შავი ტაქსები. ჩვეულებრივი ტაქსები ყვითელია, სახურავზე "TAXI" ნიშნით. ყვითელი „C“ ტიპის ტაქსები არის ეკონომიური ავტომობილები (მაგალითად Renault Clio) და შეუძლიათ 4-მდე მგზავრის გადაყვანა შეზღუდული ბარგით. ყვითელი ტაქსები ყველაზე პოპულარულია და იაფიც. შედარებით ძვირადღირებული კატეგორიაა ლურჯი/ფირუზისფერი ტაქსები. ეს "D" ტიპის ტაქსოპარკი შედგება უფრო ძვირი და კომფორტული ავტომობილებისგან, შესაბამისად მათი ტარიფი 15%-ით მეტია. და ბოლოს, შავი "E" ტაქსები გვთავაზობენ მდიდრულ მგზავრობას ძვირადღირებული ავტომობილებით, მაგრამ მათი ფასი ორჯერ აღემატება ყვითელ ტაქსებს. თუ თქვენი შემოსავალი ისეთივეა, როგორიც ჩემი და ბიუჯეტურად მოგზაურობთ, მაშინ თქვენ ყვითელი ტაქსის მომხმარებელი ხართ და შავი ტაქსით მგზავრობა სხვა დროისთვის გადადეთ.
სტამბოლის ტაქსი კატეგორიების მიხედვით
ტაქსის დაქირავება
ამ ქალაქში ტაქსის დაქირავება ადვილი სულაც არ არის, მოთხოვნა მათზე საკმაოდ მაღალია, ის კიდევ უფრო მეტად იზრდება თუ, ქალაქში ფეხით სიარულისთვის არახელსაყრელი ამინდია. რამდენჯერაც ვცადე ტაქსის გამოძახება სასტუმროდან, იმდენჯერ ხელები გაასავსავა რეგისტრატორმა, - შეუძლებელია გამოძახებაო და იქნებ ქუჩაში სცადო დაჭერაო. დავდექი ქუჩაში, ხელების ხუთწუთიანი ქნევის შემდეგ პირველი ტაქსიც შევაჩერე, მაგრამ არაო, ამ მისამართზე მე ვერ წავალო. მალევე მეორე ტაქსი დავიჭირე და უკანა სავარძელზეც განვთავსდი. თუ დროში შეზღუდული ხართ, გირჩევთ ქუჩაში ხელების ქნევა დაიწყოთ და ასე მიიქციოთ ტაქსის მძღოლის ყურადღება, ხელის დაღლასაც ვერ მოასწრებთ ისე მალე გააჩერებთ ავტომობილს, ალბათ სულ რაღაც 5 წუთში. სტამბოლში ტაქსის გამოძახება მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული და გამოძახების შემთხვევაშიც ის აგვიანებს, თუკი საერთოდ მოგაკითხათ.
მგზავრობის საფასური
სტამბოლის ტაქსები ოფიციალურად რეგისტრირებულია და შესაბამისად მგზავრობის საფასურის გათვლა ეფუძნება ტაქსომეტრის ანგარიშს, განვლილი მანძილისა და მგზავრობის ხანგრძლივობის შეფარდებით. მგზავრობის საფასური გამოკრულია სალონში თვალსაჩინო ადგილზე.
ტაქსის სალონში დამაგრებული ტერმინალი და გამოკრული მგზავრობის საფასური
სტამბოლის ტაქსით მგზავრობის ტარიფები ზოგადად იაფია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არაერთი დაუგეგმავი წუთი გაატაროთ საცობში.
მგზავრობის საფასურები
გავარჩიოთ მგზავრობის საფასური: ჩაჯდომისას ჩაირთვება მრიცხველი 19,17 ლირადან (0,7 $), შემდეგ ყოველ კილომეტრზე დაიწერება 13,75 ლირა (0,47 $). მგზავრობის მინიმალური გადასახდელი თანხა არის 70 ლირა (2,43 $), მიუხედავად იმისა თუ რამდენ კილომეტრს დაფარავთ. როგორც ოფიციალურად გამოქვეყნებულ სატარიფო ფურცელზეა მითითებული, თუ ტაქსმა უნდა გაიაროს ფასიანი ხიდები, მაგისტრალები და გვირაბები, მათ გადახდაზე მგზავრია პასუხისმგებელი. ოფიციალურ წყაროებში ასეთ ინფორმაციასაც ამოიკითხავთ: სტამბოლის ევროპული მხრიდან აზიურ მხარეზე გადასვლისას თქვენ უნდა გადაიხადოთ გადასახადი, მაგრამ უკან დასაბრუნებლად (აზიურიდან ევროპულ მხარეს) გადასახადი არ არის დაწესებული. თუმცა მე, ტაქსით მრავალჯერ მგზავრობის მიუხედავად ფასიანი სარგებლობის გზებზე მაინც ვერ მოვხვდი. უფრო მარტივად რომ მივხვდეთ რა დაგვიჯდება A-დან B პუნქტამდე მისვლა, განვიხილოთ ჩემი პირადი მაგალითი. ტაქსი გავაჩერე ქუჩაში 12 საათზე. 10 კმ-მდე დავფარეთ და ამისთვის დაგვჭირდა არა 18 წუთი, როგორც ეს გუგლის რუკაზეა, არამედ 35 წუთი (ვიწრო ქუჩაზე გავიჭედეთ საცობში). გადავიხადე 174 ლირა (6$, 16 ლარი) ანუ ზუსტად ის რაც მრიცხველმა დაწერა.
გასავლელი მარშრუტი
ამ მაგალითიდანაც ჩანს, რომ სტამბოლის ტაქსით მგზავრობა (ოღონდ მრიცხველით) მართლაც არ არის ძვირი, თბილისში იგივე მანძილის დაფარვა შეიძლება უფრო ძვირიც კი დაგიჯდეთ. მგზავრობის საფასური არ არის დაყოფილი ღამის და დღის ტარიფებად. აქედან გამომდინარე, თქვენ გადაიხდით ერთსა და იმავე თანხას დღის ნებისმიერ დროს. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ პიკის საათები გავლენას ახდენს საბოლოო ფასზე და ამრიგად, შეიძლება გადაიხადოთ ცოტათი უფრო მეტი, ვიდრე დღის სხვა მონაკვეთში.
სარკეზე განთავსებული მრიცხველი
ყველა ტაქსი აღჭურვილია ტაქსომეტრით ანუ მრიცხველით, რომელიც როგორც წესი გამოუცდელი მგზავრისთვის შეუმჩნეველია და აი რატომ: მრიცხველი, მძღოლის სარკის მარცხენა მხარეს მწვანედ ანთებული ციფრებით არის წარმოდგენილი. ტოვებს განცდას რომ უბრალოდ საათია, რომელიც დროს გვაჩვენებს და არა მგზავრობის აღმრიცხველ ციფრებს.
სტამბოლის ტაქსიში საკრედიტო ბარათებით გადახდა არც ისე გავრცელებული მეთოდია, მიუხედავად იმისა რომ კონკრეტული ტაქსი შესაძლოა აღჭურვილიც კი იყოს ტერმინალით, მძღოლი ბარათით გადახდას მაინც არ შემოგთავაზებთ. ნებისმიერ შემთხვევაში ჯობია თან იქონიოთ ნაღდი ფული და აუცილებელია რომ ეს იყოს თურქული ლირა და არა ამერიკული დოლარი ან ევრო (და თუ რატომ ამას ქვევით მოგახსენებთ). მგზავრობის საბოლოო საფასური გამოითვლება მგზავრობაზე და არა ერთ ადამიანზე.
ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა:
როგორ არ გავხდეთ თაღლითობის მსხვერპლი?
წესი 1. ტაქსის ვაჩერებთ და მძღოლს ვესალმებით თურქულ ენაზე, რაც ძალიან ადვილია გამოსათქმელად Merhaba (მერჰაბა), ამით ორ კურდღელს დაიჭერთ. მოიპოვებთ მძღოლის კეთილგანწყობას და რაც მთავარია თავიდანვე აჩვენებთ მას, რომ სტამბოლში უკვე რაღაცეები გაგეგებათ და არც ისე ადვილი მოსატყუებელი ხართ. მისალმების შემდეგ ეუბნებით მისამართს და ელით მის რეაქციას, თუ თავი და თვალები სინქრონულად ზევით ასწია და ტუჩებით კოცნის ხმის მსგავსიც გამოუშვა, ეს სულაც არ არის კარგის ნიშანი, მან უარი გითხრათ, მაგრამ თუ ხელი დაგიქნიათ სალონისკენ და თან გითხრათ Tamam (თამამ), მაშინ ეს თქვენი მგზავრობის დაწყების ნიშანია.
წესი 2. არასოდეს, არასოდეს, არასოდეს ჰკითხოთ მძღოლს: X-მდე მგზავრობა რა დამიჯდება? არცერთ შემთხვევაში არ შეუთანხმდეთ მძღოლს წინასწარ ფიქსირებულ ტარიფზე მგზავრობის დაწყებამდე, მითუმეტეს თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენი მგზავრობის ზუსტ ღირებულებაში. ხშირია სიტუაცია, როდესაც მისამართის მოსმენის შემდეგ, მძღოლი თავიდანვე იწყებს ვაჭრობას, კალკულატორზე აკრიფავს მისთვის სასურველ თანხას და თავად გაჩვენებთ ამდენად წაგიყვანთო. თუ იუარებთ, შემდეგ ცოტას დააკლებს, მაგრამ კარგად დაიხსომეთ, რომ მის მიერ ამ ფორმით შემოთავაზებული ტარიფი 5-ჯერ მაინც აღემატება მგზავრობის რეალურ საფასურს, რომელსაც განსაზღვრავს ტაქსომეტრი. ასეთ ვითარებაში, უბრალოდ დაემშვიდობეთ მძღოლს და არ შეყვეთ არც ვაჭრობაში და არც ავტომობილში.
წესი 3. ავტომობილში ჩაჯდომისას, თავიდანვე მიაქციეთ ყურადღება, რომ მრიცხველი იყოს ჩართული და სასტარტო თანხად მითითებული იყოს დადგენილი ტარიფი (ამჟამად 19.17 ლირა). შეგახსენებთ რომ სტამბოლის ტაქსის მრიცხველი სარკეზეა განთავსებული და წარმოდგენილია მწვანედ ანთებული ციფრებით. გახსოვდეთ, ზუსტად მრიცხველია თქვენი მთავარი მოკავშირე იაფად მგზავრობაში, რომელიც 1 კმ-ზე მხოლოდ 47 ცენტს წერს!
წესი 4. სასურველია თუ მგზავრობისას გუგლ-მეფსაც გამოიყენებთ და ამის შესახებ მძღოლსაც მიახვედრებთ, რომ აკონტროლებთ მარშრუტს. ეს პრაქტიკულად გამორიცხავს მძღოლის დამატებით ტრიალს ქალაქში მგზავრობის საფასურის ხელოვნურად გაზრდის მიზნით.
წესი 5. არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, მგზავრობის დასრულებისას, არ უნდა ჰკითხოთ მძღოლს: "რამდენი მოგართვათ? რამდენია გადასახდელი?". კატეგორიულად დაუშვებელია! ზუსტად ამ მომენტში ის ხვდება, რომ თქვენ არ იცით ტაქსით მგზავრობის წესები, არც სალონში გაკრული ტარიფები დაგინახავთ და არც სარკეზე ჩართული მრიცხველი შეგინიშნავთ! ნებისმიერი ასეთი კითხვა დამთავრდება თქვენი ფინანსური „განადგურებით“. გახსოვდეთ, ნუ შეყვებით მძღოლს იქ, სადაც ის ყველაზე ძლიერია, დარჩით იქ სადაც კანონი თქვენს მხარესაა!
წესი 6. მგზავრობის დასრულებისას გადაიხადეთ ზუსტად ის თანხა, რასაც სარკეზე განთავსებული მრიცხველი გაჩვენებთ და ეს აუცილებლად უნდა იყოს თურქული ლირა. არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება მძღოლისთვის დოლარის ან ევროს შეთავაზება, ვინაიდან მძღოლი, მინიმუმ ეცდება მისთვის სასურველი კურსით დათვალოს მგზავრობის საფასური. რეალურად კი, ძალიან მაღალია ალბათობა სერიოზული ზარალი ნახოთ გადახურდავების პროცესში. ამიტომ, წინასწარ დაიჭირეთ თადარიგი, გადაიხადეთ მხოლოდ ლირაში და ეცადეთ თან გქონდეთ წვრილი კუპიურები, ისედაც გასაგებია რატომაც.
დასკვნა
სტამბოლელ ტაქსის მძღოლებს, ზოგადად, კეთილგანწყობილ და მომღიმარ ადამიანებად დავახასიათებდი, თუმცა თუ საშუალებას მისცემთ ის აუცილებლად იშოვის თქვენგან უფრო მეტს, ვიდრე ეკუთვნის. მთავარია მძღოლს თქვენი გაცურების საშუალება არ მისცეთ. ყველა სხვა შემთხვევაში, სტამბოლის ტაქსი მთელ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე იაფია. გამიხარდება თუ ჩემი გამოცდილების გაზიარებით თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ ხარჯს და დაზოგილ თანხას სუვენირებში, ან სულაც რესტორანში დახარჯავთ.
ავტორი: დავით მესხიშვილი
© Grelcon / საავტორო უფლება დაცულია